ფერანდო მაისაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფერანდო მაისაძე
დაბ. თარიღი 14 მაისი, 1941 (1941-05-14) (83 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
მუშაობის ადგილი ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი
ჯილდოები

ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია

ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია
სამეცნიერო სფერო გეოლოგია

ფერანდო დავითის ძე მაისაძე (დ. 14 აპრილი, 1941, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2009).

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1970–1980 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში. მისი კვლევის საგანია საქართველოსა და კავკასიის პალეოგეოგრაფიის, ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიური საკითხები.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინტიტუტის ასპირანტი (1965–1968), 1970 წლიდან გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1995 წლიდან გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის რეგიონური გეოლოგიისა და ტექტონიკის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1965–1977), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1977–1992), ამავე ინსტიტუტის რეგიონული გეოლოგიის სექტორის გამგე (1992–2001), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (2002–2005), მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (2005–2006), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (2006–2009), 2009 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. მეცნიერული ინტერესების სფერო: რეგიონული გეოლოგია, ტექტონიკა, პალეოგეოგრაფია და ლითოლოგია. გამოქვეყნებულია აქვს 72 სამეცნიერო ნაშრომი.

მაისაძის შრომებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე გავრცელებულ პალეოგენურ-ფლიშური ნალექების კომპლექსურ შესწავლას, რის შედეგადაც მოხერხდა მათი ლითო-ფაციესური დანაწილება. იკვლევდა აგრეთვე სამხრეთ კავკასიაში გავრცელებულ ზედაეოცენურ ოლისტოსტრომებს ალპურ ნაოჭა სისტემაში. მან პირველმა მიაკუთვნა ოლისტოსტრომები „მოვლენათა ნალექებს“ (2008) და დაასაბუთა მათი წარმოშობის კავშირი კატასტროფებთან. ოლისტოსტრომების საშუალებით პირველად დადგინდა სამხრეთ კავკასიაში „რეტროშარიაჟების“ არსებობა ფლიშურ ნალექებში (1994), ასევე სედიმენტაციის კავშირი ოროფაზისებთან, რის შედეგად მაისაძემ პირველმა განსაზღვრა პირენეული ოროფაზისის ხანგრძლივობა (1.7 მლნ. წ.).

მაისაძე მონაწილეობდა მრავალ სამეცნიერო, მათ შორის „იუნესკოს“ პროექტებში. შედეგები მონოგრაფიის სახით გამოქვეყნდა 1996 წელს. იგი არის საქართველოში გეოტურიზმის დაარსებისა და განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მიღებული აქვს ალექსანდრე ჯანელიძის (2001) და ალექსანდრე თვალჭრელიძის (2021)[1] სახელობის პრემიები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]